ბრიტანეთში 4-კვირიანი ლოქდაუნი გამოცხადდა
01/11/2020 00:48:31 მსოფლიო
პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში მეორე ეროვნული იზოლაცია – ე.წ. ლოქდაუნი გამოაცხადა, რომელიც 4 კვირას გასტანს.
ეს ზომები ეროვნული ჯანდაცვის “სამედიცინო და მორალური კატასროფის თავიდან ასაცილებლადაა” მიღებული, – განმარტა პრემიერმა.
“წლევანდელი შობა შესაძლოა, სრულიად განსხვავებილი იყოს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ზომები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, შესაძლებლობას მისცემთ ოჯახებს, შობას ერთად შეიკრიბონ” – აღნიშნა ჯონსონმა.
მისივე თქმით, 4 კვირით დაიკეტება პაბები, რესტორნები, სპორტდარბაზები და მაღაზიები, თუმცა სასწავლო დაწესებულებები, პირველი ტალღის შეზღუდვებისგან განსხვავებით, ამჯერად ფუნქციონირებას განაგრძობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვები მოიხსნება. მანამდე კი მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.


