მაკრონი: «მესმის მუსლიმების, მაგრამ ძალადობის გამართლებას ვერასოდეს შევეგუები»
31/10/2020 22:20:18 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას «ესმის, რატომ იყვნენ შოკირებულები მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის სადავო კარიკატურებით, თუმცა ვერასოდეს შეეგუება ძალადობის გამართლების პრობლემას».
ამის შესახებ მან «ალ-ჯაზირასთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ცნობისთვის: დღეს ქალაქ ლიონში უცნობი პირი მღვდელმსახურს დაესხა თავს და დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა, - იუწყება უცხოური მედია. თავდასხმის იარაღთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება: უცხოური მედიის ნაწილი წერს, რომ ბერძენ სასულიერო პირს მუცლის არეში ორი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს, მედიის ნაწილი კი წერს, რომ თავდასხმა დანით განხორციელდა. საფრანგეთის შსს-ში მომხდარს «სერიოზული ინციდენტი» უწოდეს.
ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასულ კვირას, ნიცასა და ავინიონში შეიარაღებული თავდასხმების განხორციელების შემდეგ მიიღო. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციასთან ერთად 7 000 სამხედროც იქნა მობილიზებული. გაძლიერებულია ტაძრებისა და ეკლესიების დაცვა.
გასული კვირის ხუთშაბათს დანით შეიარაღებულ პირთა თავდასხმები მოხდა. ნიცაში ნოტრ-დამის ბაზილიკას ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, მან შენობაში ორი და შემდეგ გარეთ კიდევ ერთი ადამიანი მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა თავდასხმისას მოქმედებდა შეძახილით “დიდება ალაჰს”. თავდასხმის მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ქალაქში ეკლესიები დაიხურა. მომხდარი ტერაქტად შეფასდა. ორ საათში კი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ავინიონში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელზე თავდახმას შეეცადა. მანამდე იგი გამვლელებს ემუქრებოდა შეძახილით “დიდება ალაჰს”. მამაკაცი პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იმავე დღეს საუდის არაბეთში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც ჯიდაში საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრს დაესხა თავს. ამ უკანასკნელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ნიცაში პრეზიდენტი მაკრონი ჩავიდა. მან განაცხადა, რომ “საფრანგეთი ისლამისტთა მორიგი შეტევის ობექტად იქცა”. «თუ კვლავ დაგვესხნენ თავს, ეს ჩვენი ფასეულობების გამოა - თავისუფლების, რწმენის თავისუფლებისა და ტერორს დაქვემდებარების არსურვილის», – აღნიშნა მან.


