გარდაიცვალა შონ კონერი
31/10/2020 12:44:42 საზოგადოება
90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი შონ კონერი, - იუწყება BBC.
წარმოშობით შოტლანდიელმა, შონ კონერიმ განსაკუთრებით ბრიტანელ სპეცაგენტ “აგენტ 007”-ის როლით გაითქვა სახელი (იგი ამ სერიის 7 ფილმში გადაიღეს და როგორც კრიტიკოსები, ისე მაყურებლები სწორედ კონერის მიიჩნევენ ყველა დროის საუკეთესო “აგენტად 007”), ცნობილი იყო ასევე როლებით ფილმებში "ინდიანა ჯონსი", "მთიელი", "ვარდის სახელი", "ნადირობა წითელ ოქტომბერზე" და სხვა.
კონერი რამდენჯერმე იყო ნომინირებული “ოსკარზე” და ეს ჯილდო 1988 წელს მიიღო მეორეხარისხოვანი როლისთვის ბრაიან დე პალმას ფილმში “ხელშეუხებლები”. მას მიღებული ჰქონდა ასევე ბრიტანეთის კინოპრემიები – 2-ჯერ “Bafta” და სამჯერ “ოქროს გლობუსი".
2004 წელს შონ კონერი “ამჟამად მცხოვრებთა შორის ყველაზე დიდ შოტლანდიელად” აღიარეს (კვლევა გამოცემა “Sunday Herald”-მა ჩაატარა), ხოლო 2000 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ მას ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება მიანიჭა.
კონერი ძალზე ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. დედამისი დამლაგებელი გახლდათ, მამა კი ფაბრიკაში მუშაობდა. თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა შონს, არათუ წარმატებისთვის მიეღწია, არამედ მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მსახიობი და მსოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავი გამხდარიყო.


