ევროკავშირი წევრი ქვეყნიდან წევრ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთა სამკურნალოდ გადაყვანის ხარჯებს დააფინანსებს
30/10/2020 08:30:23 მსოფლიო
ევროკავშირი წევრი ქვეყნიდან წევრ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთა სამკურნალოდ გადაყვანის ხარჯებს დააფინანსებს.
"იქედან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, წევრი ქვეყნიდან წევრ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთა სამკურნალოდ გადაყვანის ხარჯები დააფინანსოს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, თავიდან ავიცილოთ საავადმყოფოების გადატვირთვა და თუ მყისიერად არ ვიმოქმედებთ, სწორედ ეს ელის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს", – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
შეგახსენებთ, რომ კლინიკების გადატვირთვის გამო პენდემიის როგორც პირველი, ასევე მეორე ტალღის დროს კოვიდ–ინფიცირებული პაციენტები ნიდერლანდებმა სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანა.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროპაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ბოლო 24 საათში ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, ჩეხეთში ესპანეთში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეპიდვითარების გაუარესების გამო ევროპის ქვეყნების უმეტესობამ შეზღუდვები უკვე გაამკაცრა. საფრანგეთი და ესპანეთი კი ხელმეორედ ჩაიკეტა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 187 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 200 000–ზე მეტი ადამიანი, 33 021 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 გარდაიცვალა.


