Accentnews.ge
საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა

29/10/2020 18:50:19 მსოფლიო

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე გამოცხადდა, - იუწყება “ლე ფიგარო”.

ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ ნიცასა და ავინიონში შეიარაღებული თავდასხმების განხორციელების შემდეგ მიიღო.

პრემიერ ჟან კასტეკსის განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციასთან ერთად ჯარიც იქნება მობილიზებული. პარასკევს კი თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება.

კასტეკსის შეფასებით, საფრანგეთი “მუხთლურ და ბარბაროსულ” თავდასხმას განიცდის.

დანით შეიარაღებულ პირთა თავდასხმები დღეს დილით მოხდა. ნიცაში ნოტრ-დამის ბაზილიკას ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა თავს, მან შენობაში ორი და შემდეგ გარეთ კიდევ ერთი ადამიანი მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა თავდასხმისას მოქმედებდა შეძახილით “დიდება ალაჰს”. თავდასხმის მოტივების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ქალაქში ეკლესიები დაიხურა. მომხდარი ტერაქტად შეფასდა.

ორ საათში საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ავინიონში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელზე თავდახმას შეეცადა. მანამდე იგი გამვლელებს ემუქრებოდა შეძახილით “დიდება ალაჰს”. მამაკაცი პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

საუდის არაბეთში კი დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც ჯიდაში საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრს დაესხა თავს. ამ უკანასკნელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ნიცაში პრეზიდენტი მაკრონი ჩავიდა. მან განაცხადა, რომ “საფრანგეთი ისლამისტთა მორიგი შეტევის ობექტად იქცა”. «თუ კვლავ დაგვესხნენ თავს, ეს ჩვენი ფასეულობების გამოა - თავისუფლების, რწმენის თავისუფლებისა და ტერორს დაქვემდებარების არსურვილის», – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში მობილიზებული იქნება 7 ათასამდე სამხედრო, გაძლიერდება ტაძრებისა და ეკლესიების დაცვა.

ცნობისთვის: 1 ნოემბერს კათოლიკეები ყველა წმინდანის დღეს აღნიშნავენ. მუსლიმებისთვის კი დღეს - 29 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული – წინასწარმეტყველ მუჰამედის ხსენების დღეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S