არგენტინაში ბელარუსის ელჩი “არალეგიტიმურ პრეზიდენტზე მუშაობაზე” უარს აცხადებს
29/10/2020 11:27:22 მსოფლიო
არგენტინასა და ლათინური ამერიკის რიგ სხვა ქვეყნებში ბელარუსის ელჩი ვლადიმირ ასტაპენკო საგარეო უწყებას გადადგომის შესახებ უკვე მეორე განცხადებით მიმართავს.
პირველი განცხადება მან ჯერ კიდევ 23 აგვისტოს, ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ წარადგინა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ახლა ელჩმა საგარეო უწყებას ახალი განცხადებით მიმართა, თუმცა ამჯერად თანამდებობისგან გათავისუფლებას დამსაქმებლის მიერ კანონის დარღვევის საფუძველზე ითხოვს.
“ჩვენი ქვეყნის ლიდერის საერთაშორისო ლეგიტიმაციის არარსებობა არ მაძლევს არც როგორც დიპლომატს, არც როგორც ბელარუსის პატრიოტს საშუალებას, გავაგრძელო სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება იმ პირის თაოსნობით, რომელიც აღარ გამოხატავს ბელარუსი ხალხის ნებას”, — წერს ასტაპენკო.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რიგმა დიპლომატებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობები დაკარგეს. მოქალაქეობრივი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო თანამდებობები/დიპლომატიური რანგი ჩამოართვეს ბელარუსის ელჩებს ესპანეთში, ლატვიასა და სლოვაკეთში.


