ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მოლაპარაკებებში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ მოუწოდებს
29/10/2020 05:55:28 მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მოლაპარაკებებში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ მოუწოდებს.
"ევროკავშირისთვის მიუღებელია, რომ რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რომლის სამიზნეც სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ხდება. ორგანიზაცია კონფლიქტის მხარეებს ახსენებს მათ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ ჩაერთონ მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის", – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, 25 ოქტომბერს აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდებოდა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ახალი საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.


