Accentnews.ge
რა გახდა ლაგოდეხში COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი – ჯანდაცვის სამინისტროს ვერსია

რა გახდა ლაგოდეხში COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი – ჯანდაცვის სამინისტროს ვერსია

28/10/2020 16:03:27 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ „კოვიდ-19“-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომ კლინიკას მხოლოდ „ცხელების ცენტრის“ სტატუსი აქვს.

როგორც ექიმმა ნანა სიუკაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ უამბო, მამაკაცს COVID-19 24 ოქტომბერს დაუდასტურდა და მას შემდეგ ადმინისტრაცია მის თბილისის რომელიმე კოვიდმიმღებ ცენტრში გადაყვანას ცდილობდა, თუმცა იმის გამო, რომ თბილისის კლინიკებში ადგილები არ იყო, პაციენტს ლაგოდეხში მკურნალობდნენ.

ნანა სიუკაშვილის თქმით, მამაკაცს ორმხრივი მწვავე პნევმონია და გულის იშემიური დაავადება ჰქონდა, თუმცა ის ხელოვნურ ვენტილაციაზე ყოფნას არ საჭიროებდა.

„შევეცადეთ თბილისის კოვიდცენტრში გადაყვანას, თუმცა რადგან დაავადებულთა რაოდენობა ბევრია და ადგილები არ იყო, მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა. მინდა, გითხრათ ისიც, რომ ჩვენ უკვე იმ პროტოკოლით ვმუშაობთ, რომლითაც კოვიდკლინიკები. ამ მამაკაცსაც ვმკურნალობდით კომპლექსურად, მაგრამ გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნანა სიუკაშვილმა.

ეს კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. „არქიმედეს კლინიკაში“ ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მათ კოვიდკლინიკის სტატუსი მიენიჭებათ, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებული რეგულაციით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ კოვიდმიმღებ კლინიკებში. სექტემბრიდან დაიწყო ასევე უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების კოვიდსასტუმროებში გადაყვანა, მსუბუქი სიმპტომების პაციენტების მართვა ხდება ბინაზეც, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა. მათ შორის ბოლო დღე-ღამეში 1 731 პირი დაინფიცირდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S