Accentnews.ge
ერდოღანი: "ყარაბაღში სომხეთის მხარდასაჭერად ქურთი მებრძოლები იბრძვიან"

ერდოღანი: "ყარაბაღში სომხეთის მხარდასაჭერად ქურთი მებრძოლები იბრძვიან"

28/10/2020 13:21:44 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდასაჭერად ქურთი მებრძოლები იბრძვიან.

ერდოღანის თქმით, ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სატალეფონო საუბრისას განუცხადა.

"პუტინმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არშესრულების გამო. მე მას ვუთხარი, რომ ყარაბაღში სომხეთის მხარდასაჭერად ქურთი მებრძოლები იბრძვიან. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ თურქეთი გულწრფელად ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და სჯერა, რუსეთიც გულწრფელია კონფლიქტის გადაჭრის მცდელობაში. ბატონ პუტინს ვუთხარი, რომ მოსკოვსა და ანკარას ამ საკითხის ერთად მოგვარება შეუძლიათ", – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გარდა ამისა, 25 ოქტომბერს აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდებოდა ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ახალი საზავო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S