Accentnews.ge
ბოლო 24 საათში გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

28/10/2020 11:26:48 მსოფლიო

ბოლო 24 საათში გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში დაავადება 14 964 ადამიანს დაუდასტურდა, პოლონეთში – 18 820–ს და ჩეხეთში –15 663–ს.

სამივე ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, რის გამოც მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს.

24 ოქტომბრიდან პოლონეთმა ახალი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვების თანახმად, უმცროსკლასელი მოსწავლეების გარდა ყველა მოსწავლე და სტუდენტი დისტანციურ სწავლაზე გადავიდა, რესტორნებს მხოლოდ გატანისა და მიტანის სერვისების განხორციელების უფლება აქვთ, საჯარო სივრცეებში 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა და 70 წლის ზემოთ პირებს გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესდათ.

რაც შეეხება ჩეხეთსა და გერმანიას ისინი ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობენ. თუმცა ორივე ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები უახლოეს მომავალში გაამკაცრონ.

19 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩეთ სახლში!“.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 14 829 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 253 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S