რუსეთის ხელისუფლება – საბჭოური სადეზინფორმაციო პროპაგანდისა და სიტყვისა და აზრის თავისუფლების დევნის სათავეში

28-10-2020 15:48:59 მითები და რეალობა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა იდეას, ქვეყანაში საბშოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან შედარება კანონით აიკრძალოს.

თავად ინიციატივა სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა ელენა იამპოლსკაიამ გააჟღერა, - იუწყება РИА Новости. კულტურისა და ხელოვნების საბჭოს სხდომის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ რუსეთში იბეჭდება და ახალგაზრდობაში პოპულარობით სარგებლობს წიგნები, რომლებშიც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის მეომრების ქმედებებს შორის პარალელები ივლება.

«​ვთვლი, რომ თუ ჩვენთან გამოცემების რედაქტორებს გონი და სინდისი არ ჰყოფნით, მსგავსი პასაჟები ამოიღონ, მათ კანონმდებლობა უნდა წავახმაროთ. ჩემი აზრით, მორალური უფლება გვაქვს, გავამკაცროთ კანონი, როცა საუბარია ჩვენი ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფაზე»​, – განაცხადა იამპოლსკაიამ და დასძინა, რომ შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს.

პუტინმა იამპოლსკაიას ინიციატივა გაიზიარა.

«ეს აკურატულად, მაგრამ უნდა გაკეთდეს. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ჩვენ თავად ღმერთი გვიბრძანებს, ალბათ, ავამოქმედოთ შესაბამისი მექანიზმები არცთუ შორეული წარსულის დასაცავად», – განაცხადა პრეზიდენტმა.

წარსულშიც პუტინს არაერთხელ გაუკეთებია განცხადებები “ისტორიის გადაწერისა” და მეორე მსოფლიო ომის შესახებ სიმართლის “დამახიჯების” მცდელობების თაობაზე.

სექტემბერში მან სკოლის მოსწავლეთათვის ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც გამარჯვების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა და მისი მსვლელობისას “თანამედროვე კოლაბორაციონიზმი” უწოდა იმ ადამიანთა განცხადებებს, რომლებიც "ისტორიის გადაწერის ინიციატივებს ეთანხმებიან".

პუტინის აზრით, ომში გამარჯვების თემა აქტუალურია დღემდე, ვინაიდან მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს ცივ ომში გამარჯვებულად მიიჩნევენ და სურთ, "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებული წესრიგი შეცვალონ", ხოლო ამისათვის პირობების შესაქმნელად "ცოტა გადააკეთონ, გადაწერონ ის, რაც ისტორიაში რეალურად მოხდა".

გარდა ამისა, გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტი “ისტორიის გადაწერის მცდელობად” აფასებდა ევროპარლამენტის განცხადებას, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა როგორც ნაცისტურ გერმანიას, ისე სსრკ-ს, რომელმაც მასთან ე.წ. მოლოტოვ-რიბბენტროპის პაქტი გააფორმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში პუტინი დაუსწრებელ პოლემიკაში შევიდა პოლონეთის ხელმძღვანელობასთან ქვეყანაზე თავდასხმაში სსრკ-ის როლთან დაკავშირებით.

ზაფხულში კი მან ამერიკულ გამოცემა National Interest-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პოლონეთი ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ გამჩაღებლად მოიხსენია და მხარი დაუჭირა პაქტის საბჭოურ ინტერპრეტაციას, როგორც შეთანხმებისა, რომელმაც სსრკ-ს ჰიტლერის თავდასხმისთვის მომზადების შესაძლებლობა მისცა. პუტინის მოსაზრებებმა მწვავე პროტესტ გამოიწვია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.

ცოტა ხნის წინ პუტინის ინიციატივით რუსეთში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ “უნდა დაიცვას ისტორიული სიმართლე”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები