რუსეთში პანდემიის განმავლობაში COVID-19-ისგან გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა
28/10/2020 10:47:33 მსოფლიო
რუსეთში პანდემიის განმავლობაში COVID-19-ისგან გარდაცვალების შემთხვევების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა. კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 346 მოქალაქე დაიღუპა.
სულ ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან თითქმის 27 ათასი ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 16 202 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი, 3670 - მოსკოვში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ კვირას ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 2 მილიონ 800 ათასზე მეტი შემთხვევა აღრიცხა. იმავე პერიოდში გარდაიცვალა თითქმის 40 ათასი ადამიანი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით მსოფლიოში უკვე თითქმის 44 მილიონი ადამიანი დაავადდა და მილიონზე მეტი გარდაიცვალა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველ 1000 სულ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით (2,6 შემთხვევა) რუსეთი მსოფლიოში 58-ე ადგილზეა.
ჯანდაცვის სამინისტრო ომსკის კლინიკებს ამოწმებს მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა პაციენტების რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან მიყვანა დაიწყეს და საყვირები ჩართეს. ამ გზით ისინი ადგილობრივ კლინიკებში ადგილების უკმარისობის პრობლემაზე მიუთითებდნენ.


