Accentnews.ge
იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები გრძელდება

იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები გრძელდება

28/10/2020 06:03:18 მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები გრძელდება.

მილანსა და ტურინის შემდეგ აქციები გაიმართა ათამდე სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – რომში, გენუაში, პალერმოსა და ტრიესტში. ნეაპოლში, ცენტრალურ პიაცაზე შეკრებილები რეგიონული მმართველის გადადგომასაც მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა ნაგვის კონტეინერები დაწვეს და დააზიანეს ავტომობილები. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის 28 მილანში გამართულ აქციაზე.

26 ოქტომბრიდან იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც ძალაში 24 ნოემბრამდე იქნება. როგორც პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 21 994 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. თუმცა, კონტეს განცხადებით, "მას არ სურს საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რადგან ქვეყანა ხელმეორედ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს".

26 ოქტომბრიდან იტალიაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდა:

  • ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00სთ–ზე დაიხურება. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია.
  • დაიხურება სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები.
  • საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის) ფუნქციონირებას გააგრძელებენ მაგრამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საშუალო სკოლებში (11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის) გაკვეთილების 75% დისტანციურად ჩატარდება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 37 700 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 564 778შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 171 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 251 000–ზე მეტი ადამიანი, 32 447 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S