ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
27/10/2020 20:55:53 მსოფლიო
ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 523 ადამიანი იმსხვერპლა და ვირუსის 33 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 35 541 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 198 695 შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში (მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში)"კომენდანტის საათი" და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 გარდაიცვალა.


