Bild - გერმანია ქვეყნის მასშტაბით "რბილი ლოქდაუნის" შემოღებას გეგმავს
27/10/2020 06:57:10 მსოფლიო
ეპიდვითარების გაუარესების გამო გერმანია ქვეყნის მასშტაბით "რბილი ლოქდაუნის" შემოღებას გეგმავს, – იუწყება Bild.
მისივე ცნობით, ახალი შეზღუდვები ქვეყანაში ბარებისა და რესტორნების დაკეტვას, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს.
როგორც გერმანული მედია იუწყება, კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ქვეყნის 16–ვე რეგიონის ხელმძღვანელებს ხვდება და საბოლოო გადაწყვეტილება ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მერკელმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანია "ეპიდვითარების კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა".
19 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:
„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩეთ სახლში!“.
ბოლო პერიოდში გერმანიაში Covid-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყნაში დაავადება კიდევ 11 409 ადამიანს დაუდასტურდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსის 449 275 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 098 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 164 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 777 000–ზე მეტი ადამიანი, 32 183 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 გარდაიცვალა.


