სირიაში რუსეთის საჰაერო იერიშს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა
26/10/2020 23:55:01 მსოფლიო
სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ბანაკზე სავარაუდოდ, რუსეთის საავიაციო იერიშის შედეგად სულ მცირე, 50 პირი დაიღუპა.
სირიის ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელმა, იუსეფ ჰამუდმა რუსეთი დაადანაშაულეა 26 ოქტომბრის თავდასხმაში.
დარტყმები ავიაციამ „ფაილაკ ალ-შამის" ბანაკზე განახორციელა, რომელიც იდლიბის პროვინციაში, თურქეთის საზღვრის მახლობლადაა. ბანაკში წვრთნას მეამბოხეები გადიან, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს. იუწყებიან, რომ მებრძოლთა ნაწილს, რომელმაც წვრთნა დაასრულა, ბანაკი უნდა დაეტოვებინა.
მოსკოვსა და ანკარას კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებიათ. რუსეთი და თურქეთი, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს კონფლიქტში, იდლიბის პროვინციაში ერთობლივად ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მარტში, რასაც სირიის მთავრობის არმიის შეტევის შეჩერება მოჰყვა, ეს იყო ყველაზე სისხლიანი იერიში იდლიბში.


