Accentnews.ge
მთავრობა COVID-19–ის მართვაში სტუდენტებს რთავს

მთავრობა COVID-19–ის მართვაში სტუდენტებს რთავს

26/10/2020 07:40:43 საზოგადოება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორტდინაციო საბჭო გეგმავს COVID-19–ის მართვის პროცესში სამედიცინო მიმართულების სტუდენტები ჩართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული.

„სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის ერთგვარი რეზერვი. საჭიროების შემთხვევაში ისინი კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩაერთვებიან და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს“,– განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან დღეს შედგება შეხვედრა და მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება ბაზა უფროსკურსელების, „რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევეაში, იქნება მზაობა, პროცესში ჩაერთონ“.

ჩხენკელი ამბობს, რომ მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება და სტუდენტები ექიმებს საჭიროების მიხედვით აღმოუჩენენ დახმარებას.

„საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე და დღესაც იყო რეკომენდაცია, რომ სამედიცინო ქსელის მობილიზება მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ. აქ შედიან ჩემი კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან და სამედიცინო უნივერსიტეტის მქონე მაღალი კურსის სტუდენტები, მეექვსე კურსზეა საუბარი, ასევე რეზიდენტები. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როდესაც საჭიროა, სრული მობილიზება უნდა მოხდეს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მაათ შორის სტუდენტების. ქოლცენტრით მართვა, ადამიანების დარიგება, რეკომენდაციების გაცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ სწრაფი კურუკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადების, თუ რა უნდა იცოდნენ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმთა ასისტენტებად თავისუფლად იმუშვებენ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 603 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 30 303 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 215 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 11 370 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3769 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 832, კოვიდ–სასტუმროებში – 2 249, თვითიზოლაციაში – 27 736.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S