დღეიდან იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
26/10/2020 06:10:14 მსოფლიო
დღეიდან იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. როგორც პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 21 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. თუმცა, კონტეს განცხადებით, "მას არ სურს საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რადგან ქვეყანა ხელმეორედ ჩაკეტვას ვერ გაუძლებს".
მისი თქმით, 26 ოქტომბრიდან იტალიაში შემდეგი შეზღუდვები იმოქმედებს:
- ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00სთ–ზე დაიხურება. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია.
- დაიხურება სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები.
- საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები (6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის) ფუნქციონირებას გააგრძელებენ მაგრამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საშუალო სკოლებში (11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის) გაკვეთილების 75% დისტანციურად ჩატარდება.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 37 338 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 525 000 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 159 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 346 000–ზე მეტი ადამიანი, 31 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 გარდაიცვალა.


