ისრაელი მის მიერ შექმნილი Covid-19-ის პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას 1 ნოემბრიდან იწყებს
26/10/2020 05:41:13 მსოფლიო
ისრაელი Covid-19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან იწყებს, - იუწყება Reuters ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ამ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე ასაკის 80 მოხალისე მიიღებს. კვლევა 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მეორე ფაზა სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება და მასში 18 წლის ზემოთ ასაკის 960 პირი ჩაერთვება.
თუკი აღნიშნული ეტაპები წარმატებული აღმოჩნდება, მომავალი წლის აპრილში ან მაისში კვლევის მესამე, ფართომასშტაბიანი ფაზა დაიწყება, რომელშიც 30 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში კი ვაქცინა, შესაძლოა, მასობრივი გამოყენებისთვის დაამტკიცონ.
გამოცემის ცნობით, ვაქცინა სახელწოდებით BriLife ისრაელის ბიოლოგიურმა კვლევითმა ინსტიტუტმა (IIBR) შექმნა და მისი ცხოველებზე გამოცდა მარტში წარმატებით განხორციელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 2 397ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 309 946 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 159 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 346 000–ზე მეტი ადამიანი, 31 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 გარდაიცვალა.


