ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 52 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
26/10/2020 05:10:43 მსოფლიო
ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19-ით ინფიცირების 52 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებას 116 ადამიანი ემსხვერპლა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 34 761 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 138 507 შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში (მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში)"კომენდანტის საათი" და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 159 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 43 346 000–ზე მეტი ადამიანი, 31 906 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 გარდაიცვალა.


