დონალდ ტრამპი:"ხმა მივეცი ბიჭს, რომლის სახელი ტრამპია"
24/10/2020 19:35:51 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ფლორიდის შტატში გააკეთა.
ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ხმა მისცა ბიჭს, რომლის სახელი ტრამპია“.
„ძალიან უსაფრთხო იყო ხმის მიცემის პროცედურა. ყველაფერი შესანიშნავი იყო, წესების მკაცრი დაცვით. გაცილებით უსაფრთხოა პირადად ხმის მიცემა, ვიდრე ფოსტით გაგზავნა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და მისმა მეუღლემ, კარენ პენსმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს.
აშშ-ში 50 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დროზე ადრე ხმის მიცემის საშუალებით უკვე ისარგებლა.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 9%-ით უსწრებს.
აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.


