"ჯერ ოქტომბერია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში უკვე კოვიდ–ინფიცირებულებისთვის საწოლები თითქმის აღარაა, მოვუწოდებ ქვეყნების ლიდერებს მყისიერად იმოქმედონ"
23/10/2020 16:52:02 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი მსოფლიოში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების გამო ქვეყნების ლიდერებს ზომების მყისიერად მიღებისკენ მოუწოდებს.
"ჯერ ოქტომბერია და კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში უკვე კოვიდ–ინფიცირებულებისთვის საწოლები თითქმის აღარაა. მომდევნო რამდენი თვე ძალიან რთული იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის აუცილებელი სამსახურების ჩამოშლა და სკოლების ხელახლა დაკეტვა. ვიმეორებ იმას რაც თებერვალში ვთქვი, ეს არ არის ცრუ განგაში", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად და როგორც იგი აღნიშნავს, ეს მთავარი ღონისძიებებია: მეტი ტესტირება, ინფიცირებულთა კონტაქტების დროული მოძიება და იზოლაციის სათანადო პირობების დაცვა (14–დღიანი იზოლაცია).
"ამ ზომების ეფექტურად განხორციელებით ქვეყნები ხელმეორედ ჩაკეტვას აიცილებენ თავიდან", – დასძინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
შეგახენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.


