Accentnews.ge
ბოლო 24 საათში ევროპაში Covid-19 200 000–ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა – რიგ ქვეყნებში მოქალაქეთა სახლიდან გასვლაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

ბოლო 24 საათში ევროპაში Covid-19 200 000–ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა – რიგ ქვეყნებში მოქალაქეთა სახლიდან გასვლაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

23/10/2020 12:30:44 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ევროპაში Covid-19 200 000–ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, – იუწყება Reuters.

მისივე ცნობით, სადღეისოდ ევროპაში დაახლოებით 7,8 მილიონი კოვიდ–ინფიცირებულია, დაავადებით დაახლოებით 247 000 ადამიანი დაიღუპა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. მაგალითად, საფრანგეთში დაავადების 41,622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პოლონეთში – 13 632; გერმანიაში –11 242; იტალიაში – 16 079; ჩეხეთში – 14 151; უკრაინაში – 7 517; სლოვაკეთში – 17 340.

ბოლო პერიოდში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და კიდევ 8 ქალაქში (მარსელში, ლიონში, ექს-ან-პროვანსში, ლილში, რუანში, ტულუზაში, გრენობლში და მონპელიეში)"კომენდანტის საათი" და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის 16 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.

იტალიის ხელისუფლებამ "კომენდანტის საათი" უკვე დააწესა ლომბარდიის რეგიონში და იგივეს აპირებს ლაციოს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ რომში. ლაციოს რეგიონში კომენდანტის საათი პარასკევს ღამის 12 სთ–დან ამოქმედდება. იგი ძალაში იქნება ყოველ დღე ღამის 12 სთ–დან ​დილის 5სთ–მდე.

გერმანიის კანცლერმა და ქვეყნის 11 დიდი ქალაქის მერმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მერკელმა 9 ოქტომბერს განაცხადა, შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 50–ს გადააჭარბებს. მისივე თქმით, შეთანხმება სხვადსხვა სახის შეზღუდვებს, მათ შორის ღია და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას, შეკრებების აკრძალვას და ალკოჰოლურ სასმელების რეალიზებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

19 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩეთ სახლში!“, – მიმართა მერკელმა მოქალაქეებს.

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხვალიდან მთელი ქვეყანა „წითელ ზონად“ გამოცხადდება და ახალი შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვების თანახმად, უმცროსკლასელი მოსწავლეების გარდა ყველა მოსწავლე და სტუდენტი დისტანციურ სწავლაზე გადავა, რესტორნებს მხოლოდ გატანისა და მიტანის სერვისების განხორციელების უფლება ექნებათ, საჯარო სივრცეებში 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება და 70 წლის ზემოთ პირებს გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესდებათ.

რაც შეეხება სლოვაკეთს, ხელისუფლება მოქალაქეების სახლიდან გასვლაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტესტის ნეგატიური პასუხის გარეშე სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საქმიანობისთვის, დღის პირველიდან ხუთ საათამდე იქნება ნებადართული. ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, დაიკეტება სკოლები, თუმცა სწავლა გაგრძელდება დაწყებით კლასებსა და ბაღებში. სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა პირველ ოქტომბერს გამოცხადდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S