ჩეხეთის პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს შეზღუდვების დარღვევის გამო გადადგომა მოსთხოვა
23/10/2020 12:18:35 მსოფლიო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ რომან პრიმულას კოვიდ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო გადადგომა მოსთხოვა, - იუწყება ABCNews.
მისივე ცნობით, ჩეხურმა ტაბლოიდმა Blesk-მა გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მმართველი პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ იაროსლავ ფალტინეკს საღამოს რესტორანში იმ დროს ხვდება, როდესაც დაწესებულება დახურული უნდა ყოფილიყო. ფოტოებში ასევე ჩანს, რომ რომან პრიმულას პირბადე არ უკეთია.
რომან პრიმულა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა.
ჩეხეთში დაწესებული ახალი შეზღუდვების ფარგლებში ქვეყნის რესტორნებში მხოლოდ გატანის სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი და აღნიშნული მომსახურების გაწევა რესტორნებს მხოლოდ საღამოს 8 საათამდე შეუძლიათ.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების ახალმა შემტხვევებმა მკვეთრად მოიმტა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 1 845 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 223 065 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.


