იტალიის ხელისუფლება ლაციოს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ რომში კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს
22/10/2020 08:23:09 მსოფლიო
იტალიის ხელისუფლება ლაციოს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ რომში კომენდანტის საათი დაწესებას გეგმავს, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზად Covid-19-ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება სახელდება.
როგორც გამოცემა წერს, კომენდანტის საათი პარასკევს ღამის 12 სთ–დან ამოქმედდება. იგი ძალაში იქნება ყოველ დღე ღამის 12 სთ–დან დილის 5სთ–მდე.
გარდა ამისა, ლაციოს რეგიონში გარკვეული შეზღუდვები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხება.
შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათი ორშაბათიდან უკვე მოქმედებს ლომბარდიის რეგიონში.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 36 832 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 450 000–ზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 136 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 518 000–ზე მეტი ადამიანი, 30 931 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.


