ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა
22/10/2020 08:00:09 მსოფლიო
ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადების 11 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 7 830.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 392 049 შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებით 9 905 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში გერმანიაში Covid–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გერმანიის კანცლერმა და ქვეყნის 11 დიდი ქალაქის მერმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მერკელმა 9 ოქტომბერს განაცხადა, შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 50–ს გადააჭარბებს. მისივე თქმით, შეთანხმება სხვადსხვა სახის შეზღუდვებს, მათ შორის ღია და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას, შეკრებების აკრძალვას და ალკოჰოლურ სასმელების რეალიზებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
19 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩეთ სახლში!“, – მიმართა მერკელმა მოქალაქეებს.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 136 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 518 000–ზე მეტი ადამიანი, 30 931 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.


