გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
21/10/2020 15:48:36 მსოფლიო
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს იენს შპანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
მინისტრს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
თვითიზოლაციაში გადავიდნენ მასთან კონტაქტში მყოფი პირებიც.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში გერმანიაში Covid–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გერმანიის კანცლერმა და ქვეყნის 11 დიდი ქალაქის მერმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მერკელმა 9 ოქტომბერს განაცხადა, შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 50–ს გადააჭარბებს. მისივე თქმით, შეთანხმება სხვადსხვა სახის შეზღუდვებს, მათ შორის ღია და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას, შეკრებების აკრძალვას და ალკოჰოლურ სასმელების რეალიზებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
19 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩეთ სახლში!“, – მიმართა მერკელმა მოქალაქეებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 366 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებით 9 700–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 130 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 000 000–ზე მეტი ადამიანი, 30 646 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 გარდაიცვალა.


