კალაძე ამბობს, რომ ძველ თბილისში პროექტთან შეუსაბამო მშენებლობის დემონტაჟზე კომპანიასთან შეთანხმდა
21/10/2020 08:36:33 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ინვესტრორთან თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე მდებარე მშენებლობის ნაწილის დემონტაჟზე უკვე შეთანხმდნენ. საუბარია ძველ თბილისში მდებარე შენობაზე, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან ისტორიული გალავანი ესაზღვრება.
კალაძის თქმით, ინვესტორმა პროექტის წარდგენისას რენდერებით განსხვავებული შენობის პროექტი წარადგინა, მშენებლობისას კი რამდენიმე სართული ზედმეტად ააშენა:
"წითელი აგურის შენობა ძეგლი არ ყოფილა. მის ადგილზე კონკრეტულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა საინვესტიციო პროექტი. ეს მათი საკუთრება იყო. აქ უნდა გაკეთებულიყო პროექტი, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. ძალიან ლამაზად ჯდებოდა სივრცეში, ინარჩუნებდა ძველი თბილისის სახეს.
მშენებლობის პროცესში მივიღეთ სურათი, სადაც კარგად გამოჩნდა, რომ შეთანხმებული პროექტი და რენდერები, რეალურად აცდენილია.
კომპანიას მოვთხოვეთ ზედმეტი სართულების დემონტაჟი გაეკეთებინათ და შესაბამისობაში მოეყვანათ იმასთან, რაც რენდერებშია".


