იმნაძემ პოპულისტური უწოდა ბათუმში კარვების გაშლას, სადაც მოქალაქეები COVID-19–ზე ტესტირებას იტარებდნენ
20/10/2020 17:39:55 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ პოპულისტური უწოდა ზაფხულის მიწურულს აჭარაში საველე კარვების გაშლას, სადაც მოქალაქეებს ტესტირების ჩატარება უფასოდ შეეძლოთ.
როგორც იმნაძე განმარტავს, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებრივ მოთხოვნას და წნეხს დაჰყვა და მისი შეფასებით, ეს შეცდომა იყო.
„აშკარად არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო გადწყვეტილება, კარვები გაგვეხსნა ბათუმში. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა თავის ცნობისმოყვარეობას, ამან ლაბორატორიები ძალიან გადატვირთა და გამოიწვია პასუხების დაგვიანება იქ, სადაც ადამიანებს ეს პასუხები დროულად უნდა მიეღოთ. ამიტომ, ტესტირების ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ გვაქვს (სპეკულაციებს არავისგან მივიღებ, ადვილი გადასამოწმებელია საერთაშორისო საიტზე), დასავლეთ ევროპის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას შეშურდება.
პასუხების დაგვიანებაზეც შეიძლება საუბარი [ხარვეზების კუთხით], მაგრამ უმრავლეს ქვეყნებში ნორმაა ის, რაც ჩვეთან დაგვიანებად ითვლება... არის რაღაც შეცდომები“,– განაცხადა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის: კორონავირუსული ინფექციის აჭარაში აფეთქების შემდეგ ბათუმში რამდენიმე კარავი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს ტესტირების ჩატარება უფასოთ შეეძლოთ. კარვებთან მოქალაქეების რიგები იდგა.


