1194 ახალ პაციენტს შორის 60 სამედიცინო პერსონალია
20/10/2020 09:51:47 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულ 1194 პაციენტს შორის 60 სამედიცინო პერსონალია.
„სამწუხაროდ, ასეა, რომ ჩვენ, ექიმები, პირველი ხაზის ადამიანები ვართ კორონასთან და ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ არ არის ეს გასაკვირი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ კითხვის პასუხად.
მას ასევე უპასუხა ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ინფიცირებულ პერსონალს როტაციის მეთოდით ჩაანაცვლებენ.
„გვქონდა ჩვენ ეს შემთხვევები გაზაფხულზე, როდესაც სასწრაფოების ექიმები დაგვიინფიცირდა ბოლნისში, ქვემო ქართლში და ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონებით და გარკვეული რეზერვები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამავე დროს, ჩვენ სასწრაფოს თანამშრომლები გადაყვანილი გვყავს სხვა რეჟიმზე ტესტირების, რომ კონტაქტები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილს. ეს არის ზოგჯერ 48, ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება და დღესვე უნდა ჩანაცვლდეს [პერსონალი]“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობილია, რომ ამჟამად ახალქალაქსა და ახალციხეში 13-13 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.
საქართველოში არსებულ კოვიდინფიცირებულთაგან 341 მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან უმრავლესობა, 172 თბილისის კლინიკებშია, აჭარაში კი - 69. პაციენტებიდან 75 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 1 194 პირს დაუდასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.


