მედია: რუსეთს კიბერშეტევებით ტოკიოს ოლიმპიადის ჩაშლა სურდა
20/10/2020 05:43:15 მსოფლიო
„გარდიანის ინფორმაციით, რუსეთის სპეცამსახურები კიბერშეტევას გეგმავდნენ, რის მიზანიც 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ჩაშლა იყო.
„გარდიანი“ ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ინფორმაციას, რომელმაც ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა ამერიკის დაზვერვასთან ერთად.
როგორც ირკვევა, რუსეთის კიბერდაზვერვის მოქმედება მიმართული უნდა ყოფილიყო ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, ლოჯისტიკური სამსახურისა და თამაშების სპონსორების წინააღმდეგ.
სკანდალს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ დემერსი:
„არც ერთ ქვეყანას არ გამოუყენებლია თავისი კიბერნეტიკული პოტენციალი ისე ბოროტად და უპასუხისმგებლოდ, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა, რითაც შეგნებულად უპრეცედენტო ზიანი მიაყენა სხვადასხვა სფეროს მცირე ტაქტიკური უპირატესობის მისაღებად და საკუთარი ბოროტების დასაკმაყოფილებლად. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს აღადგინოს საკუთარი სიდიადე ასეთი საქციელით“.


