Accentnews.ge
"თუ არ დავიცავთ რეგულაციებს იქნება ისეთი მატება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს"

"თუ არ დავიცავთ რეგულაციებს იქნება ისეთი მატება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს"

19/10/2020 19:08:12 საზოგადოება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება პანდემიის პირობებში დაწესებულ რეგულაციებს არ დაიცავს ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იმატებს და მათი რაოდენობა ჯანდაცვის სისტემას "წალეკავს".

ზოიძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, დეკემბრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების მატება სეზონურ გრიპს დაემთხვევა და ქვეყნის სრული ჩაკეტვა გვიანი იქნება.

"ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება. ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება.

მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა...",-წერს ზოიძე "Facebook"-ში პირად გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S