ნავალნი წუხს, რომ ტრამპმა მისი მოწამლვა ამ დრომდე არ დაგმო
19/10/2020 16:17:20 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ მსოფლიოს ყოველმა ლიდერმა და უპირველესად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმოს XXI საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება. CBS News-თან ინტერვიუში მან მწუხარებით აღნიშნა, რომ ტრამპს მისი მოწამლვა ამ დრომდე არ დაუგმია, განსხვავებით გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებისაგან.
მანამდე ნავალნის საქმესთან დაკავშირებული დუმილისთვის ტრამპი მისმა მეტოქემ – პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა, განაცხადა რა, რომ “რუსი პოლიტიკოსის მოწამლვა – ეს მისი გაჩუმების მცდელობაა, ხოლო ამაზე ტრამპის დუმილი - თანამონაწილეობა”.
ინტერვიუში ნავალნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მოწამლვის უკან პირადად პრეზიდენტი პუტინი დგას, რომელიც “აკონტროლებს პოლიციას, სასამართლოსა და მედიას, თუმცა აცნობიერებს, რომ გარშემორტყმულია მზარდი პროტესტით, ამიტომაც მიდის უკიდურეს ზომებზე”.
15 ოქტომბერს ევროკავშირმა და დიდმა ბიტანეთმა ნავალნის საქმის გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციები შემოიღეს. ამჯერად სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, პრეზიდენტის რწმუნებული ციმბირის ფედერალურ ოლქში სერგეი მენიაილო და სხვები, ასევე სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ”ГосНИИОХТ”, რომლის ფილიალშიც, როგორც მიიჩნევენ, თავის დროზე შემუშავდა ნერვულ-პარალიტიკური საშუალება “ნოვიჩოკი”.


