როგორ აძლევენ ხმას COVID-19–ით ინფიცირებული თვითიზოლაციაში მყოფი ლიეტუველები
19/10/2020 13:12:35 მსოფლიო
ლიეტუვაში ეროვნული არჩევნების მეორე ტური ტარდება. დღეიდან ხუთშაბათამდე COVID-19–ით ინფიცირებულ თვითიზოლაციაში მყოფ ლიეტუველებს შეუძლიათ, ხმა სპეციალურ უბნებზე მისცენ.
კერძოდ, როგორც სააგენტო AP იუწყება, თვითიზოლაციაში მყოფი ინფიცირებული პირი მანქანით გადაადგილდება. დაწესებული ნორმების თანახმად, იგი ატარებს პირბადეს. მოქალაქე მანქანით გვერდს ჩაუვლის საარჩევნო უბანს, ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე აიღებს ბიულეტენს. შემდეგ გადმოდის ავტომობილიდან, შედის სპეციალურად მოწყობილ კაბინაში და აკეთებს არჩევანს. ამის შემდეგ მოქალაქე კვლავ ჯდება მანქანაში, ჩააგდებს ბიულეტენს იქვე მდგარ ყუთში და განაგრძობს გზას.
აღნიშნული გზით ხმის მიცემის უფლება თვითიზოლაციაში მყოფ მხოლოდ იმ ინფიცირებულ პირებს აქვთ, რომლებიც ოფიციალურ სიაში იმყოფებიან [რომელთა კოვიდ–ინფიცირების შესახებ სახელმწიფოს აქვს ინფორმაცია]. ქვეყნის მასშტაბით ასეთი ტიპის 4 სპეცუბანია განთავსებული. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, ისინი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 25 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე შეძლებენ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ლიეტუვაში კორონავირუსის 7 726 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებით 113 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების გამართვას საქართველოც გეგმავს.
იხილეთ ასევე: როგორ მისცემენ ხმას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეები
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


