იმნაძე COVID-19–ის პიკს ნოემბრისთვის პროგნოზირებს
19/10/2020 12:23:18 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების პიკური რაოდენობა ნოემბრის მეორე ნახევარში დაფიქსირდება.
„რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელს მსოფლიოში გაზაფხულზე იყო. ამასობაში ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება, ბევრი რამე ვისწავლეთ. ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება, ქვეყანა გაიხსნა. კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერავინ აჩერებს. ამდენად, გვაქვს ეს რეალობა: ქვეყანა გახსნილია, არის კორონა, რაოდენობ მზარდია, კიდევ უფრო მოიმატებს. ნოებრის შუა რიცხვებში – მეორე ნახევარში ჩვენ შემთხვევების პიკური რაოდენობა გვექნება.
საბედნიეროდ, კარგი ისაა, რომ ჩვენი შემთხვევების პიკური რაოდენობა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობას არ დაემთხვევა, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს, თებერვლის მეორე ნახევარში გვაქვს“,– განაცხადა პაატა იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისს უკავშირდება. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით, 70-ია. ბოლო დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 143-მდე მიაღწია.


