Accentnews.ge
აშშ–ის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერის რჩევა, როგორ უნდა აიცილონ თავიდან ქვეყნებმა ხელმეორედ ჩაკეტვა

აშშ–ის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერის რჩევა, როგორ უნდა აიცილონ თავიდან ქვეყნებმა ხელმეორედ ჩაკეტვა

19/10/2020 10:51:34 მსოფლიო

აშშ–ში მდებარე ბრაუნის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერი აშიშ ჯა 6 რეკომენდაციას ავრცელებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ქვეყნები ხელმეორედ ჩაკეტვას აიცილებენ თავიდან.

1 პირბადის ტარება

პირბადე უნდა ატაროთ არა მარტო დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც, თუ სოციალური დისტანციის დაცვის საშუალება არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია იგი სწორად ვატაროთ, ფარავდეს ცხირსა და პირს და სახეზე იყოს მიბჯენილი.

2 არ ეწვიოთ დახურულ ბარებსა და რესტორნებს

დახურულ ბარებსა და რესტორნებს COVID–19–ის გავრცელების ყველაზე სარისკო ადგილებად მიიჩნევენ, რადგან იქ სოციალური დისტანციის დაცვა ძნელია. ამასთან, შეუძლებელია ასეთ ადგილებზე პირბადეების მუდმივად ტარება, ჭამის დროს ადამიანი იძულებულია, რომ იგი მოიხსნას. აშიშ ჯა მოქალაქეებს ურჩევს, შეიძინონ საკვები და გარეთ ღია სივრცეში მიირთვან.

3 რაც შეიძლება, შეამცირეთ იმ ადამინთა წრე, რომელთაც ყოველდღიურად ეკონტაქტებით

მეცნიერი მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში ურჩევს, შეძლებისდაგვარად შეამცირონ იმ ადამინთა წრე, რომელთაც ყოველდღიურად ეკონტაქტებიან.

4 მოერიდეთ სახლში წვეულებებისა და თავყრილობების გამართვას

აშიშ ჯა მოქალაქეებს ურჩევს, პანდემიის პირობებში მოერიდონ სახლში წვეულებებისა და თავყრილობების გამართვას. მისი თქმით, თუ გამოუვალი სიტუაციაა, აუცილებელია, სტუმარიც და მასპინძელიც პირბადეებს ატარებდნენ, სოციალურ დისტანციას იცავდნენ და სახლის ფანჯრები თუნდაც მცირედით იყოს გაღებული.

5 მნიშვნელოვანია, COVID–19–ზე ტესტირება სულ უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდეს

როგორც აშიშ ჯა აცხადებს, მთელი პანდემიის განმავლობაში მეტი ტესტირების მოთხოვნა მუდმივად იდგა დღის წესრიგში და, მართალია, ახლა ამ კუთხით გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე მარტში იყო, თუმცა მეტი ტესტის ჩატარებაა საჭირო. მისი თქმით, აღნიშნული საწყის ეტაპზე გამოავლენს კოვიდ–ინფიცირებას, დროულად მოხდება კონტაქტების გამოკვლევა და ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

6 სკოლების გახსნას უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე ბარებისა და რესტორნებისას

"მიუხედავად იმისა, რომ შიშობდნენ, რომ სკოლა იქნებოდა კორონავირუსის ყველაზე მეტად გამავრცელებული ადგილი, ეს, როგორც ჩანს, ასე არ ხდება, რადგან ფაქტია, რომ ამ კუთხით ბარები და რესტორნები უფრო საშიში აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ სკოლების გახსნას უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე ბარებისა და რესტორნებისას. რაც შეეხება ამ უკანასკნელებს, პანდემიის პირობებში მათ დასახმარებლად მთავრობებმა ფინანსები უნდა გამოჰყონ", – აცხადებს აშიშ ჯა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ შეზღუდვები გაამკაცრეს. როგორც მთავრობები აცხადებენ, აღნიშნული ზომების მიზანი, ქვეყნების ხელმეორედ ჩაკეტვის თავიდან აცილებაა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S