რატომ ვერ ხერხდებოდა დაშავებული ბავშვის ბათუმიდან თბილისში ტრანსპორტირება
16/10/2020 09:28:09 საზოგადოება
ბათუმში, "ბენზეს" დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვი დაშავდა. მცირეწლოვანს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მისი ბათუმიდან თბილისში გადმოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
როგორც ბავშვის დედა ყვება, მცირეწლოვანის ტრანსპორტირება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ფაქტი გახმაურდა.
„ბავშვი 6–ის ნახევარზე მივიყვანე. მხოლოდ გიფსით დაამუშავეს. მითხრეს, რომ ტომოგრაფია არ აქვთ, უბრალოდ რენტგენი გადაუღეს და „თავში არაფერი აქვსო“. ბავშვი უმძიმესად იყო: ვერ ინძრეოდა, ტკივილები აწუხებდა, თავი დასისხლიანებული ჰქონდა. შემდეგ მითხრეს, „სასწრაფოდ თბილისშია გადასაყვანი და რეანომობილი გზაშიაო“. სამი საათი მაინც ველოდე, სანამ ამბავი არ გავაშუქე და ზემდგომებს არ მივმართე, იქიდან ვერ გამოვედი. შემდეგ მითხრეს, „რეანომობილი მოვიდა, მაგრამ ბავშვთაში ექიმი არ გვყავს, დღეს არ არიანო“,– აცხადებს დედა.
ბრალდებას ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში პასუხობენ:
„პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხდა. ბავშვი რეფერალს საჭიროებდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება გავკეთეთ, რეანომობილი გამოიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რეანომობილში თავისუფალი რეანიმატოლოგი არ იყო. კლინიკამ თავად მოახერხა პრობლემის მოგვარება და ჩვენი კლინიკის რეანომატოლოგმა მოახდინა ბავშვის თბილისში რეფერირება. ბავშვის მდგომარეობა იყო სტაბილური და ტრანსპორტირების დროს გართულებები არ ყოფილა“.


