პომპეო": "სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში თურქეთის ჩართულობა რეგიონში რისკს ზრდის"
16/10/2020 06:43:17 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, "სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში თურქეთის ჩართულობა რეგიონში რისკს ზრდის".
"თურქეთი კონფლიქტში ჩაერია და აზერბაიჯანს რესურსები მიაწოდა, რითაც გაიზარდა რისკი, გაიზარდა საბრძოლო ძალა ამ ისტორიულ ბრძოლაში",- განაცხადა პომპეომ "WSB Atlanta"–ს ეთერში.
მისივე თქმით, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
მან მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.


