ჯანმო: "ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, 2022 წლამდე არ იქნება"
15/10/2020 19:29:28 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, 2022 წლამდე არ იქნება.
"ვაქცინის დამტკიცების შემდეგ იგი პირველ რიგში, ხელმისაწვდომი იქნება მედიკოსებისთვის, რისკ–ჯგუფებისთვის, მოხუცებისთვის და ა.შ. ვფიქრობ, ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანს ვაქცინაციის შესაძლებლობა სავარაუდოდ, 2022 წლამდე არ იქნება", – განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერთანამშრომელმა სუმია სვამინათანმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლისთვის ერთი ეფექტური ვაქცინა მაინც დამტკიცდება.
შეგახსენებთ, რომ "AstraZeneca"–მ და "Johnson & Johnson"–მა კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკური ცდები მესამე ეტაპზე შეაჩერეს. როგორც ხსენებულ კომპანიებში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ცდაში მონაწილეებში „ამოუხსნელი დაავადების“ გამოწვევა გახდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 096 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 752 000–ზე მეტი ადამიანი, 29 130 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 გარდაიცვალა.


