Accentnews.ge
"თუ ევროპაში ეფექტური ზომები არ გატარდება, Covid-19–ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 5–ჯერ მეტი იყოს, ვიდრე აპრილში ფიქსირდებოდა"

"თუ ევროპაში ეფექტური ზომები არ გატარდება, Covid-19–ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 5–ჯერ მეტი იყოს, ვიდრე აპრილში ფიქსირდებოდა"

15/10/2020 14:42:10 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის განცხადებით, ევროპაში ბოლო პერიოდში Covid-19–ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

ჰანს კლუგეს თქმით, ახალი შეზღუდვები, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა, "აბსოლუტურად აუცილებელია პანდემიის შესაჩერებლად".

"თუ ევროპაში ეფექტური ზომები არ გატარდება, Covid-19–ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 5–ჯერ მეტი იყოს, ვიდრე აპრილში პიკის დროს ფიქსირდებოდა", – განაცხადა კლუგემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე და დასძინა, რომ "შესაძლოა, ქვეყნებს კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა დასჭირდეთ".

"ბოლო 10 დღის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობა 6–დან 7 მილიონამდე გაიზარდა. რეკორდული მაჩვენებელი იყო 9 და 10 ოქტომბერს, როდესაც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 120 000–ს გადააჭარბა. ასეთი რამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროპაში არ ფიქსირდებოდა. ერთი სიტყვით, ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დიდ შეშფოთებას იწვევს: მკვეთრად იზრდება ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები აღარ რჩება, ევროპაში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის Covid-19–ს უკვე მე–5 ადგილი უკავია. ბოლო 24 საათში ევროპაში დაავადებამ 1000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა", – განაცხადა ჰანს კლუგემ და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს საქართველოში, ქვეყანაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მაგრამ, მაინც მოიმატა. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანას ამ ეტაპზე „სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს ევროპაში“

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 096 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 752 000–ზე მეტი ადამიანი, 29 130 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S