"The New York Times": "კორონავირუსით დაავადებულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა კარანტინი დაარღვია და რუსეთიდან გაიქცა"
15/10/2020 11:13:35 მსოფლიო
ამერიკელმა ჩოგბურთელმა სემ კუერიმ, რომელიც რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირში იღებდა მონაწილეობას, ქვეყანა ადგილობრივი მთავრობისა და ტურნირის ორგანიზატორების დაუკითხავად კერძო თვითმფრინავით მას შემდეგ დატოვა, რაც კორონავირუსი დაუდგინდა", – იუწყება "The New York Times".
მისივე ცნობით, მსოფლიოს 49–ე ჩოგანი სანკტ-პეტერბურგში ცოლთან და რვა წლის ვაჟთან ერთად ჩავიდა. ტურნირის დაწყების წინ კუერიმ კორონავირუსზე სავალდებულო ტესტი ჩაიტარა და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა.
ჩოგბურთელი ტურნირიდან მოხსნეს და 14-დღიან იზოლაციაში გაუშვეს მდიდრულ სასტუმრო Four Seasons-ში.
გამოცემის ცნობით, ამერიკელს კიდევ ერთი ტესტი უნდა გაევლო კორონავირუსზე და იგი გააფრთხილეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. როგორც ირკვევა, ჩოგბურთელს შეეშინდა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის, დაიქირავა კერძო თვითმფრინავი და ოჯახთან ერთად, სასწრაფოდ დატოვა რუსეთი.
არსებული ინფორმაციით, კუერი ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანაში გაფრინდა, სადაც აპარტამენტები იქირავა და იქ რამდენიმე დღეს გაატარებს.
ჩოგბურთელის ამგვარი საქციელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პროტოკოლის დარღვევაა. ATP-მ უკვე დაიწყო ინციდენტის გამოძიება. კუერის 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ან სამწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.


