Accentnews.ge
ერდოღანი – მინსკის ჯგუფს: "დაასრულეთ მოლაპარაკებები და მიაკუთვნეთ მიწები თავის მეპატრონეს"

ერდოღანი – მინსკის ჯგუფს: "დაასრულეთ მოლაპარაკებები და მიაკუთვნეთ მიწები თავის მეპატრონეს"

14/10/2020 13:45:44 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები [აშშ, რუსეთი, საფრანგეთი] მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს აჭიანურებენ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის კუთვნილებაა".

"დაასრულეთ მოლაპარაკებები და მიაკუთვნეთ ოკუპირებული ტერიტორიები თავის მეპატრონეს. მიეცით მათ ნება, თავის მიწაზე აკეთონ ის, რაც მოესურვებათ", – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, იგი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თურქეთმა აზერბაიჯანის დასახმარებლად კონფლიქტურ ზონაში სირიელი მებრძოლები გაგზავნა.

"გვეუბნებიან, "შენ იქ სირიელი მებრძოლები გაგზავნეო". სირიელ მებრძოლებს თავის ქვეყანაში აქვთ სამუშაო და ისინი არ წავლენ იქ", – დასძინა ერდოღანმა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში რუს კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა, თუმცა ერევანმა და ბაქომ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხარეებს სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები უნდა გაეცვალათ. თუმცა როგორც "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი იუწყება, აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S