ლავროვი: “აშშ უხეშად და უცერემონიოდ ატარებს თავის ინტერესებს რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში»
14/10/2020 10:29:56 მსოფლიო
მოსკოვის შეფასებით, აშშ “უხეშად და უცერემონიოდ ატარებს თავის ინტერესებს რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში – უკრაინაში, მოლდოვაში, ამიერკავკასიაში, თუმცა მოსკოვმა ასე არ უნდა იმოქმედოს და არც იმოქმედებს”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
«ისინი [ამერიკელები] იქცევიან უხეშად, უცერემონიოდ, არადა თავად ასწავლიან ყველას, როგორ უნდა დაფასდეს თითოეული ხალხის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ბედი. ისინი ამ უფლების ფორმირებას საკუთარი საელჩოების მეშვეობით ცდილობენ, როგორც მოხდა კიევში, ორი “მაიდანის” დროს. ყველამ მშვენივრად ვიცით, სად და რა რაოდენობით არიან იქ განლაგებული ოფიციალურ სამთავრობო შენობებში როგორც FBI-ს, ისე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები», – განაცხადა ლავროვმა სამი რუსული რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე მტკიცებით, იგივეს აკეთებს აშშ მოლდოვაში:
«ჩვენ ამას ვხედავთ, თუნდაც ამერიკის ელჩის საჯარო განცხადებებით. ისინი [ამერიკელები] ატარებენ თავის ინტერესებს ამიერკავკასიაშიც, ჩვენ ამასაც ვხედავთ და ვიცით. თუმცა ღრმად მწამს, რომ ჩვენ – რუსეთმა მსგავსი მეთოდებით არ უნდა ვიმოქმედოთ», – დასძინა ლავროვმა.
ცნობისთვის: უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა “გაყინული” კონფლიქტი მეტ-ნაკლები “დოზით” სწორედ მოსკოვის მიერ იყო ინსპირირებული.


