რუსეთში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 14 ათასს
14/10/2020 09:49:36 მსოფლიო
რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობის დღიურმა ნამატმა პირველად გადააჭარბა 14 ათასს. კერძოდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია 14 231 ახალი შემთხვევა ქვეყნის 84 რეგიონში, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
ყველაზე მეტი (4 573) ინფიცირებული დედაქალაქ მოსკოვზე მოდის. ამასთან, აქ დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა განკურნების 1 970 და გარდაცვალების 52 შემთხვევა.
მეორე ადგილზეა სანქტ-პეტერბურგი დღიური 602 ახალი შემთხვევით.
სულ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 239 ადამიანი, განიკურნა 7 920 პაციენტი.
კორონავირუსის მეორე ტალღა რუსეთში სექტემბერში დაიწყო. თვის განმავლობაში ახალი პაციენტების დღიური რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე გაიზარდა, ოქტომბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ზრდა განაგრძო და ახლა უკვე 14 ათასს ასცდა.
სულ ეპიდემიის დაწყების დროიდან რუსეთში 1 მლნ 340 ათას 409 ინფიცირებულია აღრიცხული, გარდაცვლილია 23 205 მოქალაქე, განიკურნა 1 მლნ 039 ათას 705.
რეკორდული დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა დღეს საქართველოში (680) და სომხეთშიც (1 058).


