ისრაელმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა
14/10/2020 09:39:54 მსოფლიო
ისრაელმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 18 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. როგორც ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, მოქმედი საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3000–ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება 25 სექტემბერს მიიღო და მის შემდეგ ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმს ახანგრძლივებს.
ამჟამად ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეზღუდულია, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.
ისრაელში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 297 274 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 2 055 პირი.


