მეუფე ვახტანგი – „კარტოგრაფების საქმეზე“: „არ შეიძლება, ხალხი ვიღაცეების მითითებებით გავწიროთ“
14/10/2020 06:06:44 საზოგადოება
ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი ამბობს, რომ არ შეიძლება, „ვიღაცის მითითებით“ გაიწირონ ადამიანები. ამის შესახებ სასულიერო პირმა „კარტოგრაფების საქმეზე“ საუბრისას განაცხადა.
„სიმართლე რომ ვთქვათ, ის ხალხი [ბრალდებულები] ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ ვიღაცეების გაუაზრებელი, მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი“,– განაცხადა მაღალმა იერარქმა თემის კომენტირებისას.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას მეუფემ უპასუხა: „ვინც განცხადებას აკეთებს, „დამნაშავენი არიან“. ჯერ არ არის გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხები და რატომ ღელავს ორივე მხარე, არ ვიცი“.
სასულიერო პირი ფიქრობს, რომ საკითხებს საბოლოოდ არჩევნები გადაწყვეტს.
„ეს ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა – მე ასე მწამს. ყველაფერს გაარკვევს და გადაწყვეტს არჩევნები. კმარა ასეთი ცხოვრება. ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ“,– განუცხადა სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ „ყველა შესაცვლელია! ახალი სახე უნდა მოვიდეს ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ!“.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ რუქას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს, საპატრიარქოს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა კი ბრალდებულების ქმედებას, რომელთა ბრალეულობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანა, ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.


