გაიდლაინი შეიცვალა, შეიქმნება მობილური ჯგუფები – ჯანდაცვის სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებები
13/10/2020 12:58:30 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, განახლდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროტოკოლი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალისტებით დაკომპლექტებული ხუთი მობილური ჯგუფი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული: მოხდა არსებული გაიდლაინის ხელახლა გავლა და მისი თანამედროვე მოთხოვნების მიმართ განახლება: იცით, რომ კოვიდი მუდმივად ვითარდება, როგორც ვითარდება ცოდნა. ეს უნდა ასახულიყო გაიდლაინში და ასეც მოხდა“,– განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ჯგუფს, მასში იქნება წარმოდგენილი ერთი ინფექციონისტი, ერთი რეანომატოლოგი და სამინისტროს წარმომადგენელი. გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია რამოდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, რომლებსაც, ცერცვაძის ცნობით, ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის. ერთი მსგავსი გაფართოებული ჯგუფი ჩავა აჭარაში, ხოლო მეორე – იმერეთში. ჯგუფები ადგილობრივ კლინიკებს პრაქტიკულ მუშაობაში დაეხმარებიან. ხოლო სამი ჯგუფი თბილისში იმუშავებს:
„ისინი გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ყველა ამა თუ იმ კლინიკის ძლიერ თუ სუსტ მხარეებს, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. მეორე – ჯგუფი გაუწევს პრაქიკულ დახმარებას კლინიკებს. ამის საჭიროება ბოლო სამი კვირის ტენდენციამ გვიჩვენა, როცა ფიქსირდებოდა შემთხვევების ზრდა და ერთეული, მაგრამ მაინც სიკვდილობის ზრდა“,– განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ იმედი აქვს, შედეგს საქართველო ერთ კვირაში იგრძნობს.


