მასშტაბური ოპერაცია თურქეთში – პროკურატურამ 200–ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა
13/10/2020 10:29:34 მსოფლიო
თურქეთში სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 89 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს.
როგორც „ანადოლუ“ იუწყება, რეიდები 25 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.
სააგენტო წერს, რომ ჯამში იზმირის პროკურატურამ ანალოგიური ბრალდებით, 208 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. მათგან 98 საჰაერო ძალების წევრია, მათ შორის – 16 მფრინავი. გარდა ამისა, დასაკავებელ პირებს შორის ორი პოლკოვნიკია, ცხრა – გენერალი, 17 –კაპიტანი, 37 – ლეიტენანტი და 33 – სერჟანტი.
თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს 2016 წლის ამბოხის ორგანიზატორობას ედავება.
გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყანაში 80 000-მდე ადამიანი დააკავეს, 150 000-ზე მეტი კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი თურქეთს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა გადატრიალების მცდელობა განსხვავებულ აზრზე ზეწოლის საბაბად გამოიყენა. ანკარაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები არსებული გამოწვევების და გიულენისქსელის გასანეიტრალებლად არის აუცილებელი.


