ჩეხეთი რეგულაციებს ამკაცრებს
13/10/2020 05:20:11 მსოფლიო
„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთში სკოლები, რესტორნები და ბარები დაიხურა,– იუწყება „გარდიანი“.
ოქტომბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ცდილობენ, მკაცრი კარანტინი თავიდან აირიდოს, რადგან ეს ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება. მაგრამ 14 ოქტომბრიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება: აიკრძალება ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება, საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მიღება, სავალდებულო გახდება პირბადის ტარება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზეც. სკოლები პირველი ნოემბრამდე ონლაინსწავლების რეჟიმზე გადავლენ.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით, ევროპაში ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ ჩეხეთშია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 121 421 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.


