პირველი საუნივერსიტეტო კლინკა კოვიდ–ინფიცირებულებს კვლავ მიიღებს
12/10/2020 14:38:01 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ შეიცვლის სტატუსს და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.
„იცით, რომ გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია, ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში“, - აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ეძღვნებოდა COVID-კლინიკებში მართვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, იმ კლინიკებში, რომლებიც პროგრამაში ახლად ჩაერთვნენ.
„დღეს 35-მდე COVID-კლინიკაა, ხვალ შეიძლება მათი რაოდენობა 40-ს გადაცდეს. ბუნებრივია, ეს მოითხოვს სერიოზულ კოორდინაციას და მართვას“, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პირი, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 272 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6 538 გამოჯანმრთელდა, ხოლო 93 პაციენტი გარდაიცვალა.
სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ის 5 734 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 8 ოკპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, ერთი – ცხინვალიდან.


